როგორ მოვიქცეთ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს?
- დეტექტი
- Oct 14, 2025
- 3 min read
ალბათ უკვე იცით, რამდენად მნიშვნელოვანია სახლში სახანძრო სიგნალიზაციისა თუ ცეცხლმაქრის ქონა და მათი მუდმივი შემოწმება. თუმცა, მარტო უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟება საკმარისი არ არის მთავარია ზუსტად ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ, თუ ხანძარი მაინც გაჩნდა.
ხშირად სწორედ პირველი წუთების სწორი რეაგირება წყვეტს ყველაფერს. ამიტომ, შევაგროვეთ ის მთავარი, სიცოცხლის გადამრჩენი წესები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციაში ყველამ ზეპირად უნდა იცოდეს.
გააფრთხილეთ სხვები და შეინარჩუნეთ სიმშვიდე თუ ხანძარი შენიშნეთ ან კორპუსში არსებული სიგნალიზაციის ხმა გაიგეთ, პირველი და უმთავრესი წესია - არ აჰყვეთ პანიკას. ნუ დაკარგავთ დროს ნივთების შეგროვებაზე ან იმის გარკვევაზე, თუ ზუსტად სად და რა იწვის. ხმამაღლა დაუძახეთ ყველას, ვინც შენობაშია, შეკრიბეთ ისინი და სასწრაფოდ დაიწყეთ გასვლა.
სასწრაფოდ დატოვეთ შენობა
როგორც წესი, ყველაზე სწრაფი გზა მთავარი კარიდან გასვლაა (თუ ბინაში იმყოფებით). თუმცა, ყოველთვის უნდა გქონდეთ გეგმა „ბ“ - კერძო სახლის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს უკანა გასასვლელი ან ფანჯარა. წინასწარ იცოდეთ ალტერნატიული მარშრუტები, თუ ძირითადი გზა ჩაიკეტება.
იმოძრავეთ სიფრთხილით
თუ ხანძარი უკვე გავრცელებულია (მაგალითად, საფრთხე გაღვიძებისას აღმოაჩინეთ და ცეცხლმა რამდენიმე ოთახი უკვე მოიცვა), ნებისმიერ კართან მიახლოებისას შეამოწმეთ კარის სახელურის და ზედაპირის ტემპერატურა ხელის ზურგით. თუ კარი თბილია: არ გააღოთ, ეს ნიშნავს, რომ მეორე მხარეს ცეცხლი მძვინვარებს. თუ კარი ცივია: ფრთხილად, ნელა შეაღეთ და დარწმუნდით, რომ გზა უსაფრთხოა. მნიშვნელოვანია: შენობიდან გამოსვლისას დაკეტეთ კარები - ეს შეაფერხებს ჟანგბადის მიწოდებას და ცეცხლის გავრცელების სისწრაფესაც შეანელებს.
დაიცავით თავი კვამლისგან
კვამლი ძალიან ტოქსიკურია - ის იწვევს დეზორიენტაციას და ადამიანი სწრაფად კარგავს გონებას. იმოძრავეთ იატაკთან ახლოს: თუ ოთახი დაკვამლიანებულია, იარეთ ხოხვით, რადგან შედარებით სუფთა ჰაერი ყოველთვის ქვედა ფენებშია. გადაიფარეთ ქსოვილი: ცხვირსა და პირზე მიიფარეთ მაისური ან პირსახოცი, რომ ჰაერი ნაწილობრივ მაინც გაიფილტროს.
თუ ტანსაცმელზე ცეცხლი მოგედოთ
თუ ხანძრის დროს ტანსაცმელს ცეცხლი გაუჩნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია - არ დაიწყოთ სირბილი. მოძრაობა ზრდის ჰაერის ნაკადს და ცეცხლს კიდევ უფრო აძლიერებს. ამის ნაცვლად, დაწექით იატაკზე და ტრიალით ჩააქრეთ ცეცხლი - ასე ცეცხლს დაუკარგავთ ჟანგბადის მიწოდების წყაროს და მის გავრცელებას შეაფერხებთ.
ასევე, თუ შეძლებთ, გადაიფარეთ მძიმე ქსოვილი - მაგალითად, პალტო, საბანი ან სპეციალური ცეცხლსაწინააღმდეგო ქსოვილი (fire blanket) - ეს სწრაფად ჩააქრობს ალს და დაგიცავთ მძიმე დამწვრობისგან.
გაქცევა ფანჯრიდან
თუ თქვენი მთავარი გასასვლელი გზა დაბლოკილია და დაბალ სართულზე ან მიწის დონეზე იმყოფებით, შესაძლებელია გაქცევა ფანჯრის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, ფანჯრიდან გადმოხტომამდე გადაყარეთ ქვემოთ ბალიშები, საბნები ან სხვა რბილი ნივთები, რომ დაცემისას ტრავმა შეამციროთ.
თუ ფანჯარა არ იღება და მისი დამტვრევა გიწევთ, გამოიყენეთ მძიმე ნივთი და შემდეგ ფრთხილად დაფარეთ მინის ნამსხვრევები ტანსაცმლით, პირსახოცით ან საბნით, რათა არ დაიზიანოთ თავი.
გახსოვდეთ - არ გადახტეთ ფანჯრიდან სხეულის ზედა ნაწილით! ამის ნაცვლად, გადაწიეთ სხეული ფანჯრიდან, დაეყრდენით კიდეს ხელებით, დაეშვით ხელის სიგრძემდე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოხტით მიწაზე. თუ თქვენს გვერდით არიან ბავშვები, მოხუცები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, დაგეგმეთ გაქცევა ისე, რომ მათ უსაფრთხოდ დაეხმაროთ ჩამოსვლაში.
თუ ვერ ახერხებთ გასვლას
თუ ყველა გასასვლელი დაბლოკილია ან ფანჯრიდან ვერ გადიხართ სიმაღლის გამო, ეცადეთ ყველა ერთად შეიყვანოთ ერთ ოთახში. სასურველია აირჩიოთ ოთახი, რომელსაც აქვს ფანჯარა - ასე შეძლებთ დახმარების მოთხოვნას ან თეთრი ქსოვილის ფანჯარაზე ჩამოკიდებას, რათა გარედან მარტივად შეგამჩნიონ. აუცილებელია, რომ კარის ქვედა ნაპრალი დაფაროთ ბალიშებით, პირსახოცებით, ტანსაცმლით ან საბნებით - ეს ხელს შეუშლის კვამლს ოთახში შემოსვლაში და მოგცემთ მეტ დროს მაშველების მოსვლამდე.
დარეკეთ ნომერზე 112
თუ შეძლებთ შენობიდან ევაკუაციას, მის დატოვებისთანავე დარეკეთ 112-ზე, რათა გამოიძახოთ სახანძრო სამსახური. გაეცით შენობის სრული მისამართი, სადაც ხანძარია. მიაწოდეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია: შენობის ტიპი, ცეცხლის სერიოზულობა და არის თუ არა ვინმე ჩარჩენილი შიგნით.
არ დაბრუნდეთ შენობაში
გაქცევის შემდეგ და სახანძრო სამსახურის მოსვლამდე განსაკუთრებით უსაფრთხოა დარჩეთ შენობიდან გარკვეულ მანძილზე და დაელოდოთ სამსახურის მოსვლას - თუმცა არა ძალიან ახლოს ალში გახვეულ შენობასთან. თუ ვინმე ჯერ კიდევ შენობაშია, უმნიშვნელოვანესია დაელოდოთ სპეციალური სახანძრო და სამაშველო ჯგუფის მისვლას. ისინი შეძლებენ ადამიანს გაცილებით სწრაფად და ეფექტურად გამოყვანას, ვიდრე თქვენ თვითონ შეძლებდით. რამდენადაც რთულია და სავალალო ჩანს, შენობაში დაბრუნება არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს, არამედ შესაძლოა შეაფერხოს მაშველთა მუშაობა.
*წყარო: city fire protection UK როგორ მოვიქცეთ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს?
